2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 16 წლის პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ს.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ი.რ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა”, – წერს შსს.

უწყების თქმით, დაჭრილი და დაშავებული მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.