„2 საათი გარეთ იცდიდა“ - ეტლით მოსარგებლე მინისტრი გაეროს კონფერენციას ვერ დაესწრო

პუბლიკა

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ამბობს, რომ ვერ დაესწრო ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს მიერ ორგანიზებულ სამიტს – „COP26“, რადგან გარემო ადაპტირებული არ იყო – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც კარინ ელჰარარმა Twitter-ზე დაწერა, „საწყენია, რომ გაერო ღონისძიებებს არაადაპტირებულ გარემოში მართავს“.

როგორც გამოცემა Times of Israel-ს ელჰარარის უწყებაში განუცხადეს, სამიტზე მისული მინისტრი შენობასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდა, საბოლოოდ კი სასტუმროში დაბრუნებამ მოუწია, სასტუმრო კი ედინბურგში, სამიტის ადგილიდან 80 კილომეტრში მდებარეობდა.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელის „მე-12 არხს“ უთხრა, რომ სამიტამდე ვერ მიაღწია, რადგან ადგილზე ან ფეხით უნდა მისულიყო, ან შატლით, რომელიც ეტლისთვის არ იყო გათვალისწინებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის დელეგაციამ, მათივე თქმით,  ორგანიზატორებს ოფიციალურად მიმართა ჩივილით.

თავად პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტიმ განაცხადა, რომ სამშაბათს კონფერენციას არ დაესწრება, თუ მინისტრ ელჰარარისთვის ადაპტირებული არ იქნება გარემო.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ისრაელში კი Twitter-ზე დაწერა, რომ მან მომხდარის გამო მინისტრს მოუბოდიშა.

ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლის თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მომხდარის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს აცნობა, ჯონსონმა კი ენერგეტიკის მინისტრი ჰარარი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.