თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათგან ნაწილის პროცესი გადაიდო და 5 საათზე გაიმართება.
რამდენიმე დაკავებულის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლო, ტრადიციისამებრ, აქცია-მანიფესტაციების დროს დაკავებული ადამიანების საქმეებს ინდივიდუალურად არ განიხილავს.
„სასამართლო აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც იყო, ამათი თქმით, სისხლიან 9 წელს, როდესაც ასე კონვეიერულად უშვებდნენ ციხეში აქცია-მანიფესტაციების დროს დაკავებულ ადამიანებს და არ უდგებოდნენ ინდივიდუალურად. არ აძლევდნენ ადვოკატებს საშუალებას, მოეპოვებინათ მტკიცებულებები და წარედგინათ სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ორი საათი წარმოუდგენელი დროა იმისათვის, რომ რაიმე მტკიცებულება მოიპოვოს ადვოკატმა და წარუდგინოს სასამართლოს.
„გვეუბნებიან, რომ პოლიციამ რა მტკიცებულებაც წარადგინა, იმით ვიხელმძღვანელოთ. ეს მტკიცებულები არის, რა თქმა უნდა, მეორე მხარის მტკიცებულება, ისინი წარმოადგენენ იმას, რაც მათ აწყობს და არა იმას, რაც შეიძლება ჩვენთვის იყოს სასარგებლო“, – ამბობს მარიკაშვილი.
მისივე თქმით, დაკავებულებს, შესაძლოა, მაქსიმუმ, თხუთმეტდღიანი პატიმრობა შეუფარდონ, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ პოლიცია ვერ შეძლებს სათანადო მტკიცებულებების წარდგენას.
„თუ მხოლოდ ოქმები და მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენება იქნება, ვინც დააკავა და ოქმიც შეადგინა, ეს ერთი მტკიცებულებაა. ამ მტკიცებულებით გაშვება [პატომრობაში] იქნება დიდი უკანონობა“, – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.