2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულის ადვოკატი: ამ ადამიანს რამე განზრახვა ან კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰქონია

პუბლიკა

TV პირველის ინფორმაციით, 2 სექტემბერს რუთაველის გამზირზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული კაცი მიხეილ ლეშკაშელია.

მათ გაავრცელეს ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის კომენტარი, სადაც ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული იარაღის კოლექციონერია და ათობით იარაღს ფლობს.

მისივე თქმით, მიხეილ ლეშკაშელს რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან კავშირი არ აქვს.

„გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, სანადიროდ წასვლა.

…კოლექციონერია, იარაღებს აგროვებს. აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია და უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მოუწია მანქანიდან გადმოსვლა. გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა, თავად ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, თან ჰქონოდა.

ბატონ მიშას აღმოაჩნდა 22  რეგისტრირებული, გაფორმებული იარაღი. აქვს ადამიანს იარაღების სიყვარული და ჰობი.

მამამისი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი იყო და ამ ადამიანს ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ დატოებული „გეკოს“ თოფი, რომელსაც აქვს ე.წ. ხრახნი…

…ბატონი მიხეილი ბრალს გაეცნო, ჩვენთან ერთად, ვუთხარით რასაც ედავებოდნენ. ამ ადამიანს რაიმე სახის კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰქონია“ – აცხადებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

პირს, რომელიც შსს-მ 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავა, ბრალი ოფიციალურად 3 სექტემბერს წარედგინა.

პროკურატურამ მას ბრალდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის (236-ეს პირველი ნაწილი) მუხლით წარუდგინა.

3 სექტემბერს შსს გავრცელებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ეს პირი „აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა“ და გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლითაც მიმდინარეობდა.

პროკურატურის განცხადებაში „აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებაზე“ არაფერია ნათქვამი.