საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მესტიის მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 36 უშუალოკვლავ დ მესტიის მუნიციპალიტეტში და დანარჩენი 36 – მუნიციპალიტეტის გარეთ. უკავშირდებიან და არიან მესტიის შემთხვევების მეორეული და მესამეული კონტაქტები. განსაკუთრებით გამოკვეთილია ლენჯერის თემი. მესტიის მუნიცპალიტეტში საკარანტინო ვადა დაუმთავრდა დაახლოებით 85%-ს იმ ადამიანებისა, ვინც იქ იმყოფებოდნენ. დაახლოებით 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე. 2 სექტემბერს მთავრდება მთლიანად საკარანტინო ვადა. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება 2 სექტემბრიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის თემის გახსნის შესახებ. ოღონდ, ლენჯერის თემში გრძელდება ინტენსიური ტესტირება, ტესტირების მეორე რაუნდი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1436
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1150
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 6018
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 41