ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, კახა იშხნელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ამ ხნის ბავშვის პაციენტად ყოფნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებულ ვითარებაში სუბიექტური, ობიექტური და კილინკურ-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე მდგომარეობა სტაბილურად საყურადღებოა, მაგრამ დამაკმაყოფილებელია. ეს პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა იშხნელმა.
იშხნელის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 16 პაციენტი იმყოფება, რომელთაგანაც 5-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, მათგან ორს აქვს პნევმონია.
გუშინ კახა იშხნელმა განაცხადა, რომ 2 წლის ბავშვის ინფიცირება ერთ-ერთ ცნობილ კლასტერს უკავშირდება.
რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ პაციენტს, ექიმ ლევან რატიანის თქმით, ის იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში იმყოფება ასევე 3 ახალშობილი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მართვადი.
მათგან 2 ახალშობილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. რატიანის თქმით, ისინი გადმოყვანილი არიან მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. მათი პასუხები კორონავირუსზე ცნობილი არაა.
„ყველა ახალშობილი შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანიმატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, ამიტომ, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა რატიანმა.