20 000 აცრილი დღეში და საგადასახადო ტვირთის შემცირება - „ევროპული საქართველოს“ COVID-ის მართვის გეგმა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და ვახტანგ კალოიანმა დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ხელისუფლების მხრიდან ეპიდემიის მართვასა და მძიმე სიტუაციიდან გამოსავალზე ისაუბრეს.

განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ რეალური ნაბიჯები გადაედგა ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით, დაკავებული იყო თვითქებითა და ოპონენტების დამუნათებით.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ კალოიანის თქმით, სხვადასხვა მონაცემით, საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 140-ე ადგილასაა და მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული.

„5 მილიარდი მობილიზებული ლარიდან მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული ვაქცინაციაზე, როდესაც უამრავი გაუაზრებელი და არაეფექტური ხარჯი გვქონდა ქუჩების მორეცხვით, რობოტი პეპერით და სასტუმროების არაეფექტური გამოყენებით, არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი და არაადეკვატური შეზღუდვების გამო ჩვენ უზარმაზარი ტვირთი გვქონდა, მე-15 ადგილზე ვიყავით შეზღუდვების ტვირთით და გვისწრებდა მხოლოდ ჩვენზე ბევრად მდიდარი ან სრულიად ავტორიტარული სახელმწიფოები. ამ ფონზე კატასტროფული პრობლემები გვქონდა ტესტირებაში.

ტრაგიკულია ის, რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება ვაქცინირებული მოქალაქეები, დღეში 20 000 და ეს იქნება სერიოზული უსაფრთხოების ბალიში ჩვენთვის შემოდგომაზე და გვჭირდება საგადასახადო ტვირთის შემცირება 2 მილიარდი ლარით, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისათვის. მინიმალური მონდომების პირობებში ძალიან მარტივია იმ ტექნიკური საკითხების მოგვარება და სიკვდილობის მინიმუმ განახევრება არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა კალოიანმა.