2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. მოსარჩელეთა შორის 1 ჟურნალისტი და აქციის 2 მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია იცავს.
საიას ცნობით, ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული საქმიანობის დროს დაზიანდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მხრის ღია სისხლმდენი ჭრილობა და მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ამასთან, როგორც საია წერს, ერთ-ერთი მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის დაშავებული/წაქცეული მონაწილეების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რამაც შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს.
ასევე, რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა კიდევ ერთი მოსარჩელე. მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, იგი დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. იგი ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში საია, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დაზარალებულების სახელითაც წარადგენს სარჩელებს.