20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის შშს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

პუბლიკა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები.

სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ, შსს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.