ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.