„რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას“, – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს.
„სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს);
მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;
რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას.
იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი!
20 ივნისს 20 საათზე რუსთაველზე“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის ინიციატივა უარყოფითად შეაფასა „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“. 16 ივნისს აქციას შეუერთდება „ლელო“, „მოქალაქეები“ და „სირცხვილია“. „სირცხვილიამ“ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციაზე მიიწვია. „ოცნების“ თავმჯდომარის თქმით კი გადაწყვეტილებას სათანადოდ გაიაზრებენ.