20 ივნისს დაშავებულ კობა ლეთოდიანს ორჯერ უარის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

20 ივნისს დაზარალებული კობა ლეთოდიანის შვილის, ნათია ლეთოდიანის განცხადებით, ორი უარის შემდეგ ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„მთავარი ამ აბსურდის თეატრში – ოქმის მიხედვით, პროკურატურამ  „იმედიდან“ და „რუსთავი ორიდან“ 20 ივნისის კადრები გამოითხოვა 2022 წლის 25 ოქტომბერს. სამი წლის შემდეგ, ორჯერ უარის შემდეგ, ბრიფინგების, სატელევიზიო სიუჟეტებისა და ნერვების გლეჯის შემდეგ, გადაწყვიტეს კადრების გამოთხოვა და იქ ნახეს, რომ მამაჩემი საფრთხეს არ წარმოადგენდა, შტურმით არ იღებდა პარლამენტს და ნუ, მივანიჭოთო რა ბოლოს და ბოლოსო.

და მთავარი, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ამნისტირებული მუხლით, აი ცნობილ მიშელის დოკუმენტში რომ ეწერა, იმ მუხლით. კიდევ ერთხელ, მადლობა უკომპრომისოდ მებრძოლ ოპოზიციას ამისთვის“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დაზარალებულის სტატუსის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, 20 ოქტომბერს ნათია ლეთოდიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურამ მათ მეორედ უთხრა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია არ გავრცელდება წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებზე.

სხვა შემთხვევაში, კანონით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე.

აქციის დარბევიდან 3 წლის თავზე, 2022 წლის 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა, რომ დანაშაული სათანადოდ გამოძიებული არ არის, პრობლემურია გამოძიების კვალიფიკაცია, რადგან იგი უკვე ამნისტირებული მუხლით მიმდინარეობს.

საიას ცნობით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

საიას შეფასებით, ამნისტიის კანონი მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს 20-21 ივნისის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის და არარად აქცევს 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებას.

„ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/დადამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ემუხლით მიმდინარეობს, რომელიც, 2021 წლის 07 სექტემბრიდან უკვე ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულია.

ამრიგად, პერსპექტივა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, პრაქტიკულად აღარ არსებობს“, – განაცხადა საიამ.