20 ივნისს უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს დეოლიგარქიზაციით - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლებამ განგებ შეიყვანა ჩიხში.

მელიამ ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, მედიაგარემო, ნიკა გვარამიას დაკავება, ევროპარლამენტარებზე და უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმა, მეორე ფრონტზე რიტორიკა და ა.შ. და განაცხადა, რომ „ოცნება“ ამ ნაბიჯებით პროცესის საბოტაჟირებას ახდენდა და ანტიქართულ პოლიტიკას ეწეოდა.

ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშავა იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო.

ნიკა მელიას განცხადებით, ქართველი ხალხი „უნდა გამოვიდეს და დაიცვას ისტორია, აწმყო და მომავალი“. მისივე თქმით, თუ მოლდოვამ შეძლო ოლიგარქიის დამარცხება, საქართველოც შეძლებს იმავეს.

ნიკა მელიას თქმით, 20 ივნისს, 20:00-ზე დაგეგმილ აქციაზე უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც დაასრულებს ოლიგარქიზაციას საქართველოში.

„ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან. როგორც იცით, ვიკრიბებით 20 ივნისს 20:00-ზე და უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით. ვიკრიბებით თაობებით, ოჯახის წევრებით, შვილებით… მე პირადად და ჩემი მეგობრები შვილებით მოვდივართ, იქ უნდა იყვნენ საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ვთანხმდებოდით ან ვერ, არის ფუნდამენტური საკითხი და ისტორიულად ქართველ ერს შეგვიძლია, როცა საჭიროა, გავერთიანდეთ“, – განაცხადა მელიამ.