20 მაისის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 101 415 და სრულად ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 101 415 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 874 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 4233 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ვაცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ კი – „სინოფარმის“.

24 მაისიდან კი „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ დამატებითი დოზები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში შემოვა. მისივე თქმით, მოლაპარაკება დაახლოებით  მილიონ დოზას შეეხება.

„უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისში. დაახლოებით, მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული. „ფაიზერის” პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ქარხნებთან უშუალოდ, დამატებითი დოზების მოწოდებაზე, „მოდერნასთან“, ასევე „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანაზე“, – განაცხადა პრემიერმა.