გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.
„ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და მათ ცალკე სესიაზე დაიბარებენ.
რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქვეყანაში გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. პირველადი ინფორმაციით, დილის სესიაზე ოთხმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.