20 -მდე პოლიტიკური პარტია გიორგი რურუას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე.
“ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.
გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.” – ნათქვამია განცხადებაში.
- ევროპული საქართველო
- ლეიბორისტული პარტია
- გამარჯვებული საქართველო
- ევროპული დემოკრატები
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის
- ემსახურე საქართველოს
- რესპუბლიკური პარტია
- კანონი და სამართალი
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
- ახალი საქართველო
- თავისუფალი დემოკრატები
- სამართლიანობისთვის
- ქრისტიან კონსერვატიული პარტია
- საქართველო ლიდერებს შორის
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ლელო
- ეროვნულ დემოკრატიული პარტია
- ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი.