20 წელია, ხალხი იხოცება შახტებში. შევქმნათ კომისია, გამოვიკვლიოთ მიზეზები – ზილფიმიანი

პუბლიკა

„რით ვერ დავამთავრეთ ხალხის დახოცვა შახტებში? 20 წელია, ეს ხალხი იხოცება. პირველი შემთხვევა არ არის. შევქმნათ კომისია, გამოვიკვლიოთ მიზეზები“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ის მზად არის შახტებში მდგომარეობის შესასწავლად კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

„ასობით დასახიჩრებული და ათასობით დაზარალებული ოჯახი – ამაზე უნდა შეიქმნას კომისია, რა ხდება, რით ვერ დავამთავრეთ ხალხის დახოცვა შახტებში. შევქმნათ კომისია, 20 წელია, ეს ხალხი იხოცება. პირველი შემთხვევა არ არის, გამოვიკვლიოთ მიზეზები. მე ამ შახტაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი 30-40 წლის, როცა სეისმოლოგიურ სამსახურს ვხელმძღვანელობდი. „სკვაზნიაკი“ წაგიღებდა ისეთი ვენტილაცია იყო და მეთანი ვევრ დაგროვდებოდა. რა ხდება, რა ფული ვერ ჩადეს იმაში, რომ ნორმალური ვენტილაცია დაეყენებინათ. აყენებენ სენსორებს, რომელიც 2 კაპიკი ღირს, ვითომ იცავენ მეშახტის ინტერესებს, რომელმაც ყვირილი უნდა ატეხოს, როდესაც მეთანი მოიმატებს. რომ მოიმატებს მერე იმას განიავება არ უნდა? ამაში ინვესტიცია არ გინდათ არა განახორციელოთ უკვე 20 წელია. მოდით შევისწავლოთ რა, თუ გინდათ მიმავლინეთ, „კასკას“ დავიხურავ და ჩავალ შახტში. მე მზად ვარ ეს საკითხი დავაყენო“, – თქვა მან სხდომაზე.

ტყიბულის შახტში 30 იანვარს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი – ჭაბუკა სოფრომაძე, ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.