20-წლიანი პატიმრობა — განაჩენი ძალაში დარჩა კაცისთვის, რომელმაც ცოლი ავტობუსში მოკლა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე კაცისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა – პროკურატურის განცხადებით, საქმე გვაქვს განსაკუთრებით სასტიკ დანაშაულთან და სასამართლოს გადაწყვეტილები შემდგომი პრევენციული ეფექტის უნდა იყოს.

მოკლული ქალის, სოფო კვარაცხელიას დედა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

ბრალდების მხარე უზენაესისთვის მიმართვას გეგმავს.

„ვითხოვდით, რომ მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ დანაშაული, მისი სიმძიმის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, იყო უპრეცედენტო და საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას. უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა რელევანტური ამ შემთხვევაში. გავეცნობით სასამართლო გადაწყვეტილების წერილობით ნაწილს და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში”. – თქვა პროკურორმა

სოფო კვარაცხელია როინ მებონიამ 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ ავტობუსში, შვილების თანდასწრებით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.