„200 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანია“ - მთავრობა ახალ სოციალურ პოლიტიკას აანონსებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სოციალური პოლიტიკის ხედვის შემუშავება დააანონსა. პრემიერი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს რამდენიმე კვირაში წარმოადგენს სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვას, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან ამუშავდება.

პრემიერი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მისივე თქმით, მათგან დაახლოებით 200 ათასზე მეტი მოქალაქე არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად.

„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები არის შემაშფოთებელი, ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბესა და უმოქმედობას, რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილის ძებნა, იმის შიშით, რომ მას შემდეგ არ მოეხსნას სახელმწიფომ დახმარება. არ არიან მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ. ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და ჩვენ, როგორც მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები, ამ მიზნით მე უკვე მქონდა საუბარი ეკონომიკურ ჯგუფთან“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი ამბობს, რომ არსებული „მანკიერი სისტემა“ უნდა შეიცვალოს ახალი, გაჯანსაღებული ხედვით, რაც გულისხმობს ახალი პროგრამის შექმნას – საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის შექმნას.

„ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა უნდა შევთავაზოთ ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით, თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და საუბარი გუნდის წევრებთან ერთად, მთავრობის წევრებთან ერთად და უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული, რომ ეს არის სწორი ხედვა“,- აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ ახალი პროგრამა იანვრიდან დაიწყოს, რომელიც შეცვლის „შრომის კულტურას“ და შრომისუნარიან მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ დასაქმდნენ „რეალური საქმით“.

„უამრავი მაგალითი ვიცით, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, შემდეგ მათ ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება, ან თუ ბაზარზე არის სეზონური სამუშაოები ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან მოტივირებული, რომ დასაქმდნენ და დამატებით სხვა შემოსავალი მიიღონ, რაც ვიმეორებ, კატასტროფაა. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მოქნილი სისტემა, რომ მინიმუმ ის დახმარება, რომელიც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობის სახელით და, ამას გარდა, დამატებით მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება 2-3 ადგილი პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში“, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში ჩართავენ პროფესიულ სასწავლებლებს, მოხდება „უამრავ პროფესიაში მათი გადამზადება“, შეიძლება შემუშავდეს რამდენიმეკვირიანი სასწავლო პროგრამებიც.