200-მდე ინფიცირებული არ გვაძლევს საფუძველს, რომ უფრო მკაცრი ღონისძიებები გავატაროთ - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ღონისძიებების მეტად გამკაცრება არ იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა „აჭარის მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

„ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ ღონისძიბების მეტად გამკაცრებას, თუმცა, რა თქმა უნდა, განიხილება ყველანაირი სურათი, მაგრამ 200-მდე დაინფიცირებული არ გვაძლევს ჯერ იმის საფუძველს, რომ უფრო მკაცრი ღონისძიებები გავატაროთ. არის სხვადასახვა მოსაზრებები და შეიძლება მოხდეს რეგიონების გამიჯვნა ერთმანეთისგან.

თქვენ იცით, რომ არის უკვე გარკვეული ბარიერები შექმნილი, სადაც ხდება მონიტორინგი. რა თქმა უნდა, დასაშვებია ისიც, რომ, თუ რომელიმე რეგიონში დაფიქსირდა გაცილებით მეტი მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო სტატისტიკურად მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე, ისევე როგორც მარნეულში, მოხდება რეგიონების გამიჯვნა პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე  ამ ჯგუფების მეტად დავიწროება, – უფრო მიზნობრივად კვლევა, ასევე კარანტინში მოქცევა“, –განმარტავს მინისტრი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –188;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 39;
  • კარანტინის რეჟიმში – 5056;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386;
  • გარდაიცვალა – 2.