2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 276,5 მილიონი ლარი მიიღო - TDI

პუბლიკა

2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს), – ამის შესახებ საუბარია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში – „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში”.

გთავაზობთ ანგარიშის ძირითადი მიგნებების ნაწილს:

► საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

► დომინანტი რელიგიური ჯგუფის გავლენა სახელმწიფოს საკანონმდებლო საქმიანობაზე გამოჩნდა 2013 წლის დეკემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობისას; 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის განხილვისა და მიღების პროცესში; 2018 წელს „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას. 2019 წელს კი, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ რიგგარეშე სხდომაზედაჩქარებული წესით გამოაცხადა.

► საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ მისი ხედვა აისახა 2015 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“. მისმა შინაარსმა და დასახულმა მიზნებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლებისა  და რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვა, არამედ მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაა. სააგენტომ ყურადღება არა „უფლებებზე“, არამედ „უსაფრთხოებაზე“ გაამახვილა.

► სააგენტოს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.

► ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა აგრესიული და ძალადობრივი ჯგუფის წევრები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. მათ რიგებში არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც, ან საქართველოს საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. სახელმწიფოს მსგავს ქმედებებზე არ აქვს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება.

► რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, ხშირად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მათ შორის, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას. ასევე, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას მათ სახელმწიფო საზღვარზე არაგონივრული ვადით აყოვნებენ. ზოგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე ათვალიერებენ მათ ბარგს. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთისას, საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.

► 2019 წელს დღის წესრიგში დადგა ასევე არადომინანტური რელიგიური გაერთინებების სასულიერო პირებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვის საკითხი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს რელიგიურგაერთიანებათა დიდმა უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

► ბოლო წლების განმავლობაში საქართველო არაერთხელ დადგა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის წინაშე. მათ შორის, არაერთი ინიციატივა უკავშირდება „მკრეხელობისა“ და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადობას. ამ ინიციატივების ავტორები არიან საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები. საქართველოს საპატრიარქო წლებია, აქტიურად ითხოვს „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ კრიმინალიზებას.