2008-2020 წლებში წინასაარჩევნოდ პარტიებმა პოლიტიკურ რეკლამაში 134 მლნ ლარი დახარჯეს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც  2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიების სარეკლამო ხარჯების ანალიზია ასახული.

2012-2020 წლების მონაცემები ეყრდნობა აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციების საკასო ხარჯებს, რადგან პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგზე აუდიტის სამსახურია პასუხისმგებელი.

კვლევის მთავარი მიგნებებია:

  • 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც  134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.

  • ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.

  • სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს  სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.

  • საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი – 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა – 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.

  • წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია –  2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს  – 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია –  2012-2020 წლებში  ჯამში 1 მლნ ლარამდე.

  • პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია,  2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს.