ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ოს მაღალჩინოსნებზე. პროკურორმა დღეს გააფორმა სამი პირის დაპატიმრებაზე მოთხოვნა.
პროკურორის თქმით, ესენი არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”.
პროკურორის განცხადებით, სამივე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება წამებისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვისა და მძევლების აყვანისთვის.
კარიმ ხანმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა მაშინდელი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლიც, რომელსაც, სავარადუდოდ, უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული ზემოთნახსენებ ზოგიერთ დანაშაულში. პროკურორის თქმით, ის გარდაცვლილია.