რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მინისტრს ახსარ ჯიოევს და თქვა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები „გადახედვას” არ ექვემდებარება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციო-ეკონომიკური სფეროს განსავითარებლად, სახელმწიფოს გასაძლიერებლად, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივ შეთანხმებაში. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი დღეს შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასაც.
სწორედ 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა”.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები იქნებიან“.
ლავროვის ეს განცხადება „პოზიტიურად” შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ „პოზიტიური განცხადების” პარალელურად „ქმედითი ნაბიჯებიც” უნდა გადაიდგას. კერძოდ, კალაძის განცხადებით, უნდა დაიწყოს საუბარი „სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა”.
ამასთან, დღეს 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალში, შესაძლოა მიწის ნაკვეთი გადაეცეს სამხედრო ბაზისთვის.
რუსეთის მთავრობა დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დეპარტამენტს შორის „მიწის ნაკვეთის ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე“.
ბრძანებას ხელს რუსეთის პრემიერი, მიხეილ მიშუსტინი აწერს.