საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავასა და კიდევ 7 პირის წინააღმდეგ. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევას.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმის წარმოების დაწყება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ მოხდა.
„საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.
ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილეობას პირადად არ იღებდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით) ქვეპუნქტით და 341 მუხლით.
ინფორმაციას გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ ხალხის „პრობლემებზე” დაიწყო საუბარი.
„როგორც კი მოქალაქეებზე, მათ პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, გადაწყვიტეს ხელი შეგვიშალონ და ჩემი მეგობრის, ჩემი თანაშემწის დაკავებას აპირებენ. შიში, რომელიც უნდათ რომ მათ დათესონ ახლა, უნდა ვუთხრათ, რომ მისამართი შეეშალათ, შიშით არ მოუგია ამ ქვეყანაში არავის არასდროს არცერთ ხელისუფლებას”, – თქვა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება ცანავას, ისიც ამბობს, რომ საკითხი პოლიტიკურია, თუმცა ხელისუფლება მის შეშინებას ვერ შეძლებს.