2013 წელს ღარიბაშვილი კახეთში, ნათესავის ორსართულიან სახლში ითხოვდა „ოცნების“ ოფისის გახსნას - ახვლედიანი

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა „TV პირველის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი გაიხსენა. ახვლედიანი 2013 წელს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო.

მისი თქმით, 2013 წელს მას სთხოვდნენ ხელი მოწერა დოკუმენტისთვის, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილი კახეთში თავისი ნათესავის სახლში ითხოვდა „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას.

„მე კარგად მახსოვს ყველაფერი. მახსოვს იმიტომ, რომ 2013 წელს იყო პრემიერ-მინისტრი და მე ვიყავი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. მახსოვს, როგორ შემომიტანა იურიდიული სამსახურის უფროსმა ოთახში დოკუმენტი და მითხრა, რომ… [ჩემი ხელწერით გადიოდა მაშინ პარტიიდან დოკუმენტაცია] მე ის დოკუმენტი დავხიე და ჩავაგდე ურნაში.

ხელის მოწერას ითხოვდა ღარიბაშვილი, იცით რაზე? „ქართული ოცნების“ ოფისი გახსნილიყო კახეთში, საიდანაც არის, მის სანათესავოში ორ სართულიან სახლში. წარმოგიდგენიათ კლანურობის რა ელემენტია და გაკვირვებული იყო იურიდიული სამსახურის უფროსი. არ ელოდა ასეთ რეაქციას, მაგრამ ეს რეაქცია ყოველთვის ასეთი იყო“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.


ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში,  „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინეს.

„ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, მან 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2013 წელს კი პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან 2015 წელს დატოვა და დროებით პოლიტიკიდანაც წავიდა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და 2019 წელს თავდაცვის მინისტრი გახდა.