2014 წელს შეცდომა დავუშვით და ის აღარ უნდა გავიმეოროთ - ჯონსონი უკრაინას

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. რადაში გამოსვლისას ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებმა შეცდომა დაუშვეს, როცა 2014 წელს რუსეთის პირველი აგრესიის შემდეგ უკრაინას მხარი სათანადოდ არ დაუჭირეს. მისი თქმით, ახლა დასავლეთს ამ შეცდომის გამეორების უფლება აღარ აქვს.

„ჩვენ, ვინც თქვენი მეგობრები ვართ, მოკრძალებულად უნდა ვიხსენებდეთ იმას, თუ რა მოხდა 2014 წელს. რადგან უკრაინაში შეჭრა პირველად სწორედ მაშინ მოხდა, მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმი დაიკავა და დონბასის ომი დაიწყო.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში და კოლექტიურად ჩავაგდეთ სანქციების შემოღების საკითხი, რომელიც უნდა დაგვეწესებინა პუტინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა პუტინის შესახებ და განაცხადა, რომ პუტინმა „დათესა კატასტროფის თესლი“, რომელიც მას ემუქრება. რადგან მან არამარტო ხელი შეუწყო ომის დაწყებით 21-ე საუკუნეში იარაღის ყველაზე ფართომასშტაბიან მიწოდებას უკრაინისთვის, არამედ ამან „გამოაჩინა პუტინის ისტორიული სისულელე და გიგანტური შეცდომა, რომელსაც მხოლოდ ავტოკრატები უშვებენ“.

„უკრაინაში შეჭრა იყო პუტინის შეცდომა და რუსული ჯავშანტექნიკის ნაწილები, რომლებიც თქვენს ქუჩებსა და მინდვრებში ყრია, არამხოლოდ მის სისულელეს უსვამს ხაზს, არამედ იქცნენ მონუმენტებად თუ რა ხიფათის მოტანა შეუძლია ავტოკრატიას თავისივე თავისთვის“, – განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ პუტინის მოქმედებები დემოკრატიის რეკლამად იქცა.

დღეს ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარება დააანონსა. დახმარება მოიცავს ღამის ხედვის ხელსაწყოებს, კონტრბატარიულ შეიარაღებას, Brimstone-ის რაკეტებს და Stormer-ის საზენიტო სისტემებს.