2017 წელს „ოცნებამ“ პარტიული დავალება გასცა, გამოევლინათ ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ცუდს წერდნენ პუტინზე - ფოფხაძე

პუბლიკა

გედევან ფოფხაძის თქმით, 2017 წელს „ქართული ოცნების“ რაიონულმა ორგანიზაციებმა მიიღეს პარტიული დავალება გამოევლინათ „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის ადამიანები, რომლებიც „ფეისბუკზე“ ცუდს წერდნენ რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე.

„ეს არის 2017 წლის პარტიული დავალება, რომელიც ოფიციალურად მიიღო „ქართული ოცნების“ პარტიულმა ორგანიზაციებმა, რომ გამოვლინდეს „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის ადამიანები, რომლებიც „ფეისბუქზე“ ცუდს წერენ პუტინზე და მოხდეს ამ ადამიანების განეიტრალება, მათთან საუბარი, მუშაობა, რომ მათ პუტინზე ცუდი არ დაწერონ. ეს დავალება გასცა „ქართული ოცნების“ ცენტრალურმა ოფისმა, რაიონულმა ორგანიზაციებმა“,- განაცხადა ფოფხაძემ „ფორმულას“ ეთერში.

„ახლა გვეუბნები ამას?“,- ჰკითხა ჟურნალისტმა. „როცა მოიტანა თემამ მაშინ“,- უპასუხა ფოფხაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა იყო ამ დავალების მიზეზი, ფოფხაძე პასუხობს, რომ „მშვიდობა უნდოდათ“.

მისივე თქმით, ამ დავალების შემსრულებელი, მაკონტროლებელი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„პარტიული აქტივის დამუშავება ხდებოდა 2017 წლიდან მოყოლებული, უხსნიდნენ რომ პარტიის ინტერესებში არ შედის, ელაპარაკებოდნენ“,- თქვა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, პარტიული დავალება დიმიტრი სამხარაძისგან მოდიოდა.