2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ 10 797 168 ლარი დახარჯა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ ჯამში 10 797 168 ლარი დახარჯა.

კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკასა და  სასმელი პროდუქტების, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

კვლევის ძირითადი მიგნებით:

  • 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 8,212,842 ლარი შეადგინა, რაც 1,411,749 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (6,801,093 ლარი) შედარებით;
  • ადმინისტრაციების სარგებლობაში ჯამში 81 ავტომობილია, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 521,959 ლარი დაიხარჯა;
  • სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2018-2019 წლებში 1,109,683 ლარი დახარჯეს, რაც 234,575 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (875,108 ლარი) შედარებით;
  • 2018-2019 წლებში შესყიდული საწვავის მოცულობამ 505,076 ლიტრი შეადგინა;
  • სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2018-2019 წლებში 86,993 ლარი შეადგინა, 2016-2017 წლებში კი 61,227 ლარი იყო;
  • მივლინებებზე 2018-2019 წლებში 123,495 ლარი დაიხარჯა, 2016-2017 წლებში კი 154,690 ლარი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ჯამში 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს – 51,411 ლარი, 2019 წელს კი – 35,331 ლარი). შედარებისათვის – 2017 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32,635 ლარი შეადგინა.

TI-ის ანგარიშით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში, 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 267 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი 276 ადამიანი მუშაობდა.

რაც შეეხება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, კვლევის მიხედვით:

  • 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს – 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი – 4,247,692 ლარი)
  • ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს – 322,523 ლარი, 2019 წელს კი – 332,931 ლარი)
  • 2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა – 122,578 ლარი
  • 2016-2017 წლებთან შედარებით 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ნაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.

სრული კვლევის სანახავად, მიჰყევით ბმულს.