2018-2022 წლებში მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% რუსეთის მოქალაქე იყო - IDFI

პუბლიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, 2018-2022  წლებში  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13 575 პირს, საიდანაც 5 111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8,382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო  წესით. ჩვეულებრივი წესით – 38 პირს, გამარტივებული წესით – 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით 15 პირს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 -2022  წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი – სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს. გარდა ამისა:

  • 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა)  რუსეთის 1,342 მოქალაქეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 713 შემთხვევით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 123 შემთხვევით.
  • 2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს.
  • 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.

 

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს. რუსეთის მოქალეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით.

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მათთვის მინიჭებული საქართველო მოქალაქეობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით შეუძლებელია. ამ კუთხით სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი მონაცემების კომპლექსური ხელმისაწვდომობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ცალკეული პირობების დაკმაყოფილების მცდელობასთან. მაგალითად, საქართველოში ცხოვრებაზე გაცემული ბინადრობის ნებართვები, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების სტატისტიკა და სხვა. სამწუხაროდ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ მსგავსი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წინააღმდეგ  მიმართავს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს“, – აცხადებს IDFI.


* საგამონაკლისო  წესი –  უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები. მათ შორის:  საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი.  ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

* ჩვეულებრივი წესი – პირსსაქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში მუშაობს ან/და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოს ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.