2018 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ყალბი პირადობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება, რომელიც ეხებოდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საკითხს. უწყების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა და ამ მიზეზით საქმეზე გამოძიება შეწყდა.

პროკურატურის განცხადებით, საუბარია 2018 წლის 20 ნოემბერს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თითქოს იბეჭდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები.

პროკურატურა წერს, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – ე.გ, ი.პ. და მ.ბ.

„გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მათი განცხადებით ე.წ. „წყარომ“, მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის კვირაში, უწყების ერთ-ერთ შენობაში გაიმართა სპეციალური თათბირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით. გამოკითხულთა მტკიცებით, სწორედ თათბირზე გაიცა თითქოს დავალება, დამზადებულიყო ყალბი პირადობის მოწმობები. ასევე აცხადებდნენ, რომ ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტოები ერთი პირის იქნებოდა. მათი ინფორმაციითვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცესკოსთვის უნდა მიეწოდებინა ამომრჩეველთა განახლებული სია, სადაც ასახული იქნებოდა ყალბი მონაცემები”, – წერს პროკურატურა.

რა დაადგინა გამოძიებამ

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებით დადგინდა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ ამავე უწყების თავჯდომარე 2018 წლის 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე, სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, რაც ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით. აქედან გამომდინარე, დასახელებულ პერიოდში იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა საქართველოში თათბირში უშუალოდ მონაწილეობას.

„მოწმის სახით გამოკითხვისას სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ამავე უწყების შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა, კატეგორიულად უარყვეს რაიმე მსგავსი თათბირის გამართვა და მასში მონაწილეობა. გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სრულად იქნა გამოთხოვილი საარჩევნო სიებთან და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სერვერზე იდენტიფიცირებული იქნა მონაცემთა ბაზები.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, იდენტიფიცირებულ ბაზებში არსებული მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები და ბიომეტრიული ფოტოსურათები ელექტრონულად, ფოტოსურათების უნიკალური პარამეტრების, ე.წ. „ჰეშების“ დონეზე შედარდა ერთმანეთს. სია შედგებოდა 3 558 437 მოქალაქის მონაცემისგან. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოქალაქის პერსონალურ მონაცემს და ბიომეტრიულ ფოტოსურათს, როგორც ელექტრონულად არსებულ ფაილს, პროგრამულად გააჩნიათ საკუთარი უნიკალური იდენტიფიკატორები, ე.წ. „ჰეშ კოდები“, რომლებიც არ მეორდება, ისევე როგორც არ შეიძლება გამეორდეს ადამიანის თითის ანაბეჭდი. ასევე პროგრამულად გამოირიცხა ერთი და იგივე პირის ფოტოსურათის მრავალჯერ გამოყენება სხვადასხვა სახელსა და გვარზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ წალენჯიხასა და გარდაბანში მზადდებოდა ყალბი არაელექტრონული, ძველი პირადობის მოწმობები.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებით დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში, არაელექტრონული პირადობის მოწმობა მთლიანობაში 130 პირზე გაიცა, ხოლო მათგან წალენჯიხისა და გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების მიერ არცერთი მოწმობა არ გაცემულა. გამოძიების ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა იმ პირის პერსონალური მონაცემები, ვისზეც პირველი ტურის შემდეგ გაიცა არაელექტრონული პირადობის მოწმობები. შედეგად სააგენტოს მიერ გაცემულ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებში არ გამოვლინდა არცერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირის ფოტოსურათი სხვადასხვა სახელის და გვარის მოქალაქეზეა გამოყენებული.

ამდენად ჩატარებული გამოძიებით საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტი არ დადასტურდა, შედეგად საქმეზე მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმეზე შეწყდა გამოძიება”, – წერს პროკურატურა.