საერთაშორისო ორგანიზაციამ – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2019 წელს მოკლულ და დაკავებულ ჟურნალისტებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 ამჟამად პატიმრობაშია, ხოლო 57 ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს.
ამ სტატისტიკით, ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიებს შორის რჩება, მაგრამ მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მცირეა.
სამაგიეროდ, გაზრდილია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა. ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. მათი ნახევარი სამ ქვეყანაზე – ჩინეთზე, ეგვიპტესა და საუდის არაბეთზე მოდის, მათგან კი ყველაზე მეტი დაკავებული ჩინეთშია – 120 ჟურნალისტი.
რაც შეეხება დახოცილ ჟურნალისტებს, მათგან 46 კაცია და 3 ქალი. 20 ჟურნალისტი კონფლიქტის ზონაში მოკლეს, 29 კი – არასაომარ ვითარებაში.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე საშიშ ქვეყნებად რჩება სირია და მექსიკა. ამ ქვეყნებში წელს 10-10 ჟურნალისტი მოკლეს.
ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში ჟურნალისტების მსხვერპლი ოდნავ შემცირდა. სამაგიეროდ, ვითარება უარესდება ლათინურ ამერიკაში.