სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არასრულწლოვანთა სუიციდის განმაპირობებელი ფაქტორების დროული გამოვლენა და პრევენცია. კვლავ გვხვდება ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა და მისი დაგვიანებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, – ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში.
ომბუდსმენი წერს, რომ 2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; 2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს სუიციდის – 12 და სუიციდის მცდელობის – 48 შემთხვევა. ამ შემთხვევების მატება საგანგაშოა და აჩვენებს, რომ სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვასა და დახმარებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ყოველწლიურად შეისწავლის ბავშვთა სუიციდის ინდივიდუალურ შემთხვევებს და აანალიზებს სისტემურ ხარვეზებს.
„სამწუხაროა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა სათანადოდ არ არის სრულდება; კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია.
სუიციდის შესაძლო გავრცელების პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სკოლებში მოქმედი პრაქტიკა არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენაზე; განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სკოლებში პედაგოგებსა და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და კვალიფიციური დახმარება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.