2019 წელს ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 6.2 %-ით მეტი იყო – საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

საქსტატში ამბობენ, რომ გასულ წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243).

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 % შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 %, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი – 15.1 %.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობა უცვლელი დარჩა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3% -ით შემცირდა და 1 926.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 % მამაკაცი, ხოლო 52% – ქალია.

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით, “- ნათქვამია საქსტატის ინფრმაციაში.

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.1
ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.4 წელს.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105 107 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 %-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 %-ით გაიზარდა და 96 864 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.3% და ემიგრანტების 84.9 %, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 %-ს  და ემიგრანტების 78.0%- ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.