2019 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი – EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრების მიმართ 2019 წელს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და მათზე სახელმწიფო უწყებების (შსს-ს, პროკურატურის) ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

EMC-ის შეფასება არსებითად ეყრდნობა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს თემის წევრების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 დანაშაულებრივი ქმედება ფიქსირდება.  აგრეთვე, 20 შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს, ხოლო 2017 წელს – 16 შემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ დანაშაულებრივი შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, ორგანიზაციის შეფასებით, შემაშფოთებელია შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მიმდინარე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის არაეფექტიანობა, პროკურატურის უმოქმედობა, რაც, თავის მხრივ, რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის არაეფექტიანობასა და ამ ნიშნით ცალკეულ პირთა მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ

  • უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
  • უზრუნველყოს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს საქმეზე სამართლებრივი შედეგის დროულად დადგომის მოთხოვნით;

 საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ

  • უზრუნველყოს თემის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემური პრაქტიკის აღმოფხვრა და დაზარალებულის უფლებების რეალიზაციისთვის სათანადო პირობების შექმნა;
  • უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილება;
  • უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსა და იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას შორის კომუნიკაცია და თემის პრობლემებზე, საჭიროებებზე ინფორმაციის მიღება.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ.