2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670 კვ. მეტრი მიწა გადასცა - EMC

პუბლიკა

არასამთავორობო ორგანიზაცია EMC-ის განცხადებით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს 2019 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. თანაც, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56% მუსლიმია.

EMC-ის განცხადებით, ამით გრძელდება საპატრიარქოსთვის ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკა.

„EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს.

ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.


EMC-ის ინფორმაციით, ასევე, 2016-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა. მათ შორის:

2016 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

ხოლო, მთლიანობაში 2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება 1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს.