აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სამსახურის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატისთვის გაცემულია 138,755 ლარი, თუმცა ხელშეკრულებების პირობებით მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ იყო.
„შედეგად, წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან 138,755 ლარის პრემიისა და დანამატის გადახდის ფაქტი სახელშეკრულებო პირობებს არ შეესაბამება“, – წერია ანგარიშში.
რეკომენდაციის ნაწილში არნიშნულია, რომ შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის ან თაღლითობის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები.
„სამსახურში შრომის ანაზღაურების პროგრამაში პირველადი მონაცემები მექანიკურად (ხელით) შეაქვს საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელს, ისე რომ ამ პროცესის დამოწმება სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად არ ხორციელდება. არ არსებობს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები“, – წერია ანგარიშში.