2019 წელს ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სუნთქვის ორგანოების ავადმყოფობა - საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის ჯანმრთელობლის დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

საქსტატის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 265 საავადმყოფო, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით. შედარებისთვის, 2018 წელს ეს რიცხვი 16.0 ათასი იყო. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2018 წელსაც – 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ – 179.5 დღე (2018 წელს – 187.2 დღე).

საქსტატის მიხედვით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8%-ით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 %-ით) აღემატება. 

საქსტატის მონაცემით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 კაცი შეადგინა.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0%-ით შემცირდა. საქსტატის მიხედვით, ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.

სტატისტიკურად, 2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9 პროცენტი) ავადმყოფობები“, – ვკითხულობთ საქსტატის მასალაში.

საქსტატის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.