„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდეობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული”, – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 5 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა. უწყების ცნობით, 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.
მათი თქმით, 2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის ახალ ეტაპზე. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო სფეროს კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე.
2019 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები სექტორის, ადგილისა და ზიანის მიხედვით:
2019 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული;
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია:
– საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად მშენებლობის (F1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და F2 სამოქალაქო მშენებლობის) სექტორში დაღუპულია 29 და დაშავებულია 54 დასაქმებული;
– დამამუშავებელი მრეწველობის C სექტორში დაღუპულია 5 და დაშავებული 42;
– სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების B სექტორში დაღუპულია 3 და დაშავებულია 16;
– სოფლის მეურნეობის A სექტორში დაშავებულია 2;
– ელექტროენერგიის მიწოდების D სექტორში დაღუპულია 4 და დაშავებული 6;
– ტრანსპორტისა და დასაწყობების H სექტორში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 24;
– წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის E სექტორში დაღუპულია 2 და დაშავებულია 13;
– ნავთობპროდუქტების ვაჭრობის G სექტორში დაღუპულია 1 და დაშავებული 6;
– განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების I სექტორში დაშავებულია 5 დასაქმებული.
ანგარიშის მიხედვით, საწარმოო უბედურ შემთხვევათაგან 2 არის მასობრივი, ხოლო დანარჩენი კლასიფიცირდა, როგორც 51 – მძიმე და 117 – საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა. დაშავებულთაგან 9 ქალი და 159 – კაცია. დაღუპულთაგან კი 45-ვე კაცია;
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საწარმოო უბედური შემთხვევა უკავშირდება 20 წლამდე ასაკის 2 დასაქმებულს, 20-დან 40 წლამდე ასაკის-102, 40-დან 60 წლამდე-90, ხოლო 60 და უფროსი ასაკის – 19 დასაქმებულს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა 2015-2019 წლების მიხედვით:
► 2015 წელი – 142 ინსპექტირება, მათ შორის, 118 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 24 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით
► 2016 წელი – 287 ინსპექტირება, მათ შორის, 188 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 99 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
► 2017 წელი – 392 ინსპექტირება, მათ შორის, 279 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 113 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
► 2018 წელი – მიღებულ იქნა და 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ – 465 ინსპექტირება, მათ შორის, 224 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 154 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 87 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი.
► 2019 წელი – 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე – განხორციელდა 1541 ინსპექტირება, მათ შორის, 150 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 127 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 1264 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი.
„2019 წელს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით აღმოჩენილი შეუსაბამობებისთვის მეწარმეებს სახდელის ზომად განესაზღვრათ გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს დამსაქმებლისთვის გონივრული ვადის მიცემას, რომლის ოდენობის განსაზღვრა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, არსებული დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 127-მა საწარმომ სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო 202 საწარმო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14 000 ლარის ფარგლებში.
► 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევისთვის 2 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარის ოდენობით.
► ზედამხედველი ორგანოსთვის ხელის შეშლის გამო 7 საწარმო დაჯარიმდა 4000 – 14 000 ლარის ფარგლებში.
► მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 28 საწარმოს ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა 1000 ლარი.
►სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 117-ჯერ, რომელთაგან 92 ობიექტს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, მათგან 20-ს ობიექტზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის გამო, ხოლო დანარჩენზე განხორციელდა ინსპექტირება”, – აცხადებს დეპარტამენტი.