თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ხელმოწერილ წერილს ავრცელებს, რომელშიც „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფიზიკური პირების ვალდებულებათა მაჩვენებლებია მოცემული.
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ საკრედიტო ინფორმაციის სფეროში საქმიანობს და ინფორმაციას აწვდის ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს 2018 წლის 1 სექტემბრიდან ზედამხედველობს.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს, ჯამში, 19 მლრდ ლარზე მეტი რაოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც მიმდინარე ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვთ, 2019 წელს 2018 წლის 31 დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. მიზეზად 2018 წლის სესხების განულების პროგრამაა დასახელებული, რომელიც 615 164 მსესხებელს შეეხო.
ამასთან, წერილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში 111 014 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთან წინა წელს არ უფიქსირდებოდათ ვადაგადაცილება.
„პუბლიკა“ ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია „კრედიტინფო საქართველომ“ მოაგროვა და ის ვალიდურია.