2020 წელს მარიხუანის ფლობა-გასაღების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა 950 პირზე დაიწყო

პუბლიკა

გენერალური პროკურორის ანგარიშშის მიხედვით, 2020 წელს 260-ე მუხლით  სისხლისსამართლებრივი დევნა 1 255 პირის მიმართ დაიწყო – აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას ითვალისწინებს.

265-ე მუხლით – ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 545 პირის მიმართ.

2731 -ე მუხლით – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 950 პირის მიმართ.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ მცენარე კანაფის (10 გრ) ან მარიხუანის ( 5 გამომშრალი, 10 ნედლი) მცირე  ოდენობით ფლობა ადმინისტრაციულ ჯარიმას იწვევს, ასევე ჯარიმდება მოხმარებაც (გარდა სახლისა). მცირეზე მეტი ოდენობით ფლობის შემთხვევაში კი პირს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით ეკისრება – სასჯელის სახეები [ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა] განსხვავდება ოდენობისა და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

აღნიშნულ ქვეთავში პროკურატურა აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 89 კგ „ჰეროინი“, 1 კგ „კოკაინი“, 7000 აბი ,,სუბოტექსი“ და 6.5 კგ-ზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. 2020 წელს გამოვლინდა 16 ნარკომოვაჭრე და 13 ე.წ. ,,ინტერნეტ მაღაზია“.

„2020 წელს ნარკორეალიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეები სრულდებოდა არსებითი განხილვით და სასამართლოს მიერ გამოიყენებოდა მკაცრი სასჯელები. საანგარიშო პერიოდში, გამამტყუნებელი განაჩენი სულ გამოტანილი იქნა 80 გამსაღებელი პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 10 შემთხვევაში, მხოლოდ გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობით და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით

2020 წელს, ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 პირის მიმართ, ხოლო ჩამორთმევას დაექვემდებარა 854 848 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება.

…ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლენილი იქნა 110კგ. „ჰეროინის“ საერთაშორისო ტრანზიტის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე საქართველოში წარმატებით განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე წევრის მიმართ და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი”, – ნათქვამია ანგარიშში.