2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“, მინიმუმ, 2016 წლის არჩევნების შედეგი უნდა გაიმეოროს – კობახიძე

ვასკა მათითაიშვილი

„არსებული მოცემულობა გვაძლევს ჩვენ იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“, მინიმუმ, 2016 წლის არჩევნების შედეგს გაიმეორებს, როდესაც, მისი თქმით, მმართველ პარტიას ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მისცა ხმა.

„პროგრამა მინიმუმი არის ყოველი მეორე ხმა… ჩვენ გვაქვს 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც… ამ შედეგის მიღწევის საშუალებას გვაძლევს ჩვენ ის კვლევები, იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი მხრიდან წარმოებს… საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.


2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის მიხედვით 48.68% მიიღო (44 მანდატი), ხოლო მაჟორიტარული სიით 71 მანდატი.

NDI-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნდა, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 20% ამბობს, რომ – „ქართულ ოცნებას“.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.