2020 წელს საზმაუს კომერციულმა შემოსავლებმა 3 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღო 58 395 000 ლარი, კომერციული საქმიანობიდან კი  – 3 378 329 ლარი. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტს ქმნის ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახდელები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. ბიუჯეტი დგება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონის შესაბამისად.

ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2020 წლის მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 102 787 130 ლარი (ტექნიკური გადაიარაღების გეგმის დასაფინანსებლად საბანკო საკრედიტო რესურსის – 41 647 754 ლარის გათვალისწინებით).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ანალიზისა და არსებული გარემოებების გამო ბიუჯეტმა განიცადა კორექტირება და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი, რიგმა პროექტებმა განიცადეს კალენდარული ცვლილება და ისინი გადატანილი იქნა 2021 წლისთვის, რამაც გამოიწვია ბიუჯეტში ცვლილებები. სამეურვეო საბჭოს სხდომის N 499 გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ განისაზღვრა 78 887 395 ლარით. აქედან კი, ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივმა  აითვისა 78 870 158 ლარი. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო ასიგნები შეადგენდა  49 470 000 ლარს, 2020 წელს კი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის გათვალისწინებით საზმაუს დაფინანსება გაიზარდა 8 925 000 ლარით.

  • ხაზინა – 58 395 000;
  • კომერციული საქმიანობა – 3 378 329;
  • სხვა (ტექ/გადაიარაღება) – 23 991 966.

საბიუჯეტო და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავლებმა შეადგინა 85 765 295 ლარი. აქედან, 58 395 000 ლარი სახელმწიფო ასიგნების ფარგლებში მიღებულმა თანხაა,  კომერციული და სხვა კანონით ნებადართული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 378 329 ლარი, ხოლო ბანკის სესხით მიღებული დამატებითი ფულადი სახსრები კი – 23 991 966 ლარი იყო.

2020 წლის კომერციული შემოსავლები:

  • რეკლამა და სპონსორობა  – 1 076 460;
  • იჯარიდან შემოსავალი 404 212;
  • დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 1 472 276;
  • სხვადასხვა შემოსავალი – 425 381;
  • ჯამი: 3 378 329.

შრომის ანაზღაურება 

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს შრომის ანაზღაურების მიზნით კორექტირებულ ბიუჯეტში განსაზღვრულმა თანხამ შეადგინა 30 009 467 ლარი მათ შორის:

  • გენერალური დირექტორის აპარატი  – 3 094 368;
  • ახალი და მიმდინარე ამბები – 10 546 511;
  • სამეურვეო საბჭო 672 929;
  • მედია და კომუნიკაცია – 0;
  • მედიაწარმოება – 7 089 817;
  • წარმოება და ტექნიკური უზრუნველყოფა – 6 960 005;
  • ადმინისტრაცია და ფინანსები – 1 974 962.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტირებული თანხა კორექტირების  შემდეგ შეადგენდა 30 009 467 ლარს, ფაქტობრივად გაწეულმა საკასო ხარჯმა კი შეადგინა 30 338 592 ლარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ.