2020 წლიდან 17 ნარკოსარეალიზაციო ინტერნეტმაღაზია ე.წ. „დრაგშოპი" დაიხურა - პრემიერის ანგარიში

პუბლიკა

2020 წელს დაიხურა 13 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია ე.წ. „დრაგშოპი, 2021 წელს კი 4“ – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების (ივნისი, 2020 – მაისი, 2021)  შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია აღნიშნული.

ანგარიშის ერთი თავი ეთმობა ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, სადაც აღნიშნულია, რომ „დეკლარირებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ორიენტირებულია ნარკოტიკების რეალიზატორების გამოვლენაზე. 2020 წლის 1 ივნისიდან – 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით ბრალი წარედგინა 84 ნარკორეალიზატორს”.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი; 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი. ხოლო 2021 წლის 4 თვეში ქვეყანაში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა: 3 400 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 7 კგ „ჰეროინი“; 2 კგ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“; 2 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

მათივე თქმით, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს. აკრძალული ნივთიერებების ონლაინგაყიდვა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა.

„შედეგად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის „დარქნეტის“ დანაყოფის მიერ ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობისთვის 2020 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პიროვნება, დაიხურა 13 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია ე.წ. „დრაგშოპი“, ასევე გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის დასამზადებელი ნარკოლაბორატორია, ამოღებული იქნა პრეკურსორები და ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი.

ხოლო 2021 წლის 4 თვეში ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 11 პიროვნება, დაიხურა 4 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე.წ. „დრაგშოპი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.