სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2020 წლის პირველი კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 8.5%-ით ნაკლებია. გასულთა 44.2% 31-50 წლის მოგზაურები არიან.
სტატისტიკის სამსახურის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 6.7%-ითაა შემცირებული.
რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების 44.7% განხორციელდა 31-50 წლის ვიზიტორების მიერ. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.5% განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. შემდეგ მოდის 33%-ით საყიდლები, 16.%-ით პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა, 9.2% დასვენების, გართობის მიზნით, მკურნალობის მიზნით ქვეყნიდან გავიდა ვიზიტორთა 4.4%.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში – 176.7 ათასი და აზერბაიჯანში – 104.8 ათასი ვიზიტი.
2020 წლის I კვარტალში ვიზიტებისას გაწეული ხარჯი 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშს, თანდართული ვიზუალიზაციით, გაეცანით ბმულზე.