2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ცნობილია

პუბლიკა

დღეს, 9 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის, გაეროს საკვების სააგენტოს, „მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP)“ გადაეცა.

„საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მსოფლიოში მოშიმშილეთა მსხვერპლთა ზრდა. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები საუკეთესო ვაქცინაა ქაოსის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ნობელის მშვიდობის დარგის  კომიტეტის განცხადებაში.

„მსოფლიო საკვების პროგრამა (WFP)“ ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება.

2020 წლის ნობელის ლაურეატები, მშვიდობის დარგის გარდა, გამოვლინდნენ ლიტერატურის, ფიზიკის, მედიცინისა და ქიმიის დარგში. ხოლო ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ორშაბათს გახდება ცნობილი.


ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით წლევანდელი დაჯილდოვების ზოგიერთი ღონისძიება ონლაინ ჩატარდება.

გასულ თვეში ნობელის კომიტეტმა კიდევ ერთი ცვლილება დააანონსა: ნობელის თითოეული პრემია 10 მილიონ შვედურ კრონამდე ( 1 მილიონით მეტი, ვიდრე წინა წელს) გაიზრდება. მიმდინარე გაცვლითი კურსით ეს დაახლოებით 1 120 000 აშშ დოლარს შეადგენს.