2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ არის საუბარი.
როგორც ომბუდსმენი წერს, 2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.
„2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო;
ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას,
ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს…
როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული საოქმო ჩანაწერი, რომლითაც გაუგებარი და დაუსაბუთებელი არგუმენტებით სასამართლომ არ შეაჩერა დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების გაუქმების პროცესი. აღნიშნული ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე;