„ოქროს ბურთის“ მფლობელი არგენტინელი ფორვარდი, „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ლეონელ მესი გახდა. 65-ე დაჯილდოების გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მესის მთავარ კონკურენტად „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნეოდა. ნომინანტთა შორის ასევე იყვნენ „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა და „ჩელსის“ ნახევარმცველი, ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის გამარჯვებული ჟორჟინიო.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესისთვის ეს მე-7 ოქროს ბურთია, რითაც მან რეკორდი დაამყარა.
დაჯილდოვების ცერემონია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა და მას ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დაესწრნენ.
დღევანდელ დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – „ოქროს ბურთი“ გადაეცა ალექსია პუტელასს, „ბარსელონას“ და ესპანეთის კაპიტანს; საუკეთესო გოლის ავტორი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც. წლის საუკეთესო გუნდი „ჩელსი“ გახდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო „ოქროს ბურთის“ შარშანდელი დაჯილდოება არ ჩატარდა. 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი კი ლიონელ მესია.