ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა.
„პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიულ საქმიანობას სწავლობს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“, – ამბობენ სამინისტროში.
საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.