2022 წელს საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში - საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

საქსტატის მიხედვით, საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის 80.5% საქართველოს მოქალაქე იყო. იმიგრანტების რაოდენობამ კი 179 778 ადამიანი შეადგინა და მათ შორის, საქართველოს მოქალქეების წილი მხოლოდ 30.3%-ია.

საქსტატის მიხედვით, იმიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდანაა. გასულ წელს რუსი იმიგრანტების რაოდენობა 62 304 იყო, ემიგრანტების კი მხოლოდ 5 935. შესაბამისად, ქვეყანაში მინიმუმ 6 თვით საცხოვრებლად რუსეთის 56 000-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა.

განსხვავებულია მონაცემები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. საქსტატის მიხედვით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოს 100 802 მოქალაქე წავიდა. იმიგრანტების რაოდენობა კი 54 405 იყო. შესაბამისად, გასულ წელს მინიმუმ 6 თვის საცხოვრებლად საქართველოს 46 000-ზე მეტი მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობაა (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი).

რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ გავლენა იქონია მიგრაციის სალდოსა და მოსახლეობის რაოდენობაზეც.

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400 ადამიანია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799), მაგრამ თუკი 2021 წელთან შედარებით ემიგრაცია 25.3%-ით მეტი იყო, იმიგრანტების რაოდენობა 142.9%-ით გაიზარდა. ამან კი იმოქმედა მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზეც.

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4% ქალაქში ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობა კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.


საქსტატის მეთოლოგიით:

ემიგრანტია

პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 6 თვით (183 დღე) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შესაძლებელია დღეების ეს რაოდენობა რამდენიმე გასვლის ჯამიც იყოს.

ამასთან ქვეყნიდან გასული ამ პირისთვის საქართველო უნდა ყოფილიყო მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული უნდა ჰქონოდა სულ მცირე 6 თვე).

იმიგრანტია

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 6 თვით იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ეს რამდენიმე შემოსვლის ჯამიც იყოს. ამასთან საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 6 თვე).